100 ᲦᲐᲛᲘᲡ ᲡᲐᲪᲓᲔᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ
ᲛᲣᲮᲚᲘ 1. ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ
1.1. წინამდებარე „100 ღამის საცდელი პროგრამა" განსაზღვრავს შპს „შიფ სლიფ"-ის მიერ შეთავაზებული 100 ღამის პროგრამის პირობებსა და გამოყენების წესებს.
1.2. პროგრამის მიზანია მომხმარებელმა შეძლოს მატრასის რეალურ პირობებში გამოცდა და მისი კომფორტისა და სიხისტის შეფასება საკუთარი საჭიროებების მიხედვით.
1.3. პროგრამა წარმოადგენს კომპანიის სტანდარტულ მომხმარებლურ ბენეფიტს და არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით მინიჭებულ უფლებებს.
1.4. პროგრამა ვრცელდება კომპანიის მიერ გაყიდულ მატრასებზე და მოქმედებს როგორც კომპანიის სტანდარტული მომხმარებლური ბენეფიტი. პროგრამა არ არის დაკავშირებული ცალკე ფასდაკლებასთან, დამატებით საფასურთან ან განსხვავებულ საფასო მოდელთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტი შეძენილია კომერციული/პროფესიული გამოყენებისთვის ან კომპანია კონკრეტულ შემთხვევაში წერილობით ადგენს გამონაკლისს.
1.5. წინამდებარე პროგრამის პირობები წარმოადგენს კომპანიის ვებგვერდის გამოყენების წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე პროგრამის პირობებს.
1.6. პროგრამით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება პროგრამის პირობებს.
1.7. კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს ან განაახლოს პროგრამის პირობები, თუმცა კონკრეტულ შეკვეთაზე ვრცელდება შეკვეთის გაფორმების მომენტში მოქმედი ვერსია, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ᲛᲣᲮᲚᲘ 2. ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ
2.1. წინამდებარე პროგრამის პირობების ფარგლებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
2.1.1. კომპანია – შპს „შიფ სლიფ" (ს/ნ: 402368825).
2.1.2. მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელმაც მატრასი შეიძინა პირადი ან საოჯახო გამოყენებისთვის (არაკომერციული მიზნით).
2.1.3. პროდუქტი – კომპანიის მიერ გაყიდული მატრასი, რომელზეც ვრცელდება პროგრამა.
2.1.4. 100 ღამის საცდელი პერიოდი – პროდუქტის მიღებიდან ათვლილი 100 კალენდარული ღამე, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს პროგრამით.
2.1.5. მინიმალური საცდელი პერიოდი – პროდუქტის მიღებიდან პირველი 30 კალენდარული ღამე, რომლის გასვლამდე დაბრუნების მოთხოვნა არ მიიღება, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2.1.6. დაბრუნება – პროდუქტის უკან ჩაბარება და თანხის დაბრუნების მოთხოვნა პროგრამის პირობების შესაბამისად.
2.1.7. გაცვლა – შეძენილი მატრასის სხვა ზომის, მოდელის ან კომფორტის პროდუქტით ჩანაცვლება.
2.1.8. ჰიგიენური მდგომარეობა – პროდუქტის ისეთი მდგომარეობა, როდესაც იგი არის სუფთა, მშრალი და დაუზიანებელი; არ აქვს ლაქები, უსიამოვნო სუნი, ობი, პარაზიტები ან სხვა დაბინძურება/გაუარესება, რაც შეუძლებელს ან არაგონივრულს ხდის მის შემოწმებას, ტრანსპორტირებას ან ხელახალ რეალიზაციას.
2.1.9. სათანადო საყრდენი ზედაპირი – საწოლის, პლატფორმის ან სხვა კონსტრუქციის ისეთი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს მატრასის თანაბარ, სტაბილურ და უსაფრთხო მხარდაჭერას მისი ზომის, წონისა და დანიშნულების შესაბამისად.
ᲛᲣᲮᲚᲘ 3. ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝ
3.1. 100 ღამის პროგრამა ვრცელდება კომპანიის მიერ გაყიდულ მატრასებზე, რომლებიც შეძენილია კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის ან კომპანიის მიერ დამატებით განსაზღვრული სხვა ოფიციალური არხების მეშვეობით.
3.2. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ ახალ, პირველად გაყიდულ მატრასებზე და არ ვრცელდება ნიმუშებზე ("showroom"/"display"), დაზიანებულ, გამოყენებულ ან განახლებულ ("refurbished") პროდუქტებზე.
3.3. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც პროდუქტს იძენენ პირადი ან საოჯახო გამოყენებისთვის. პროგრამა არ ვრცელდება კომერციულ ან პროფესიულ შესყიდვებზე (მათ შორის სასტუმროებზე, გაქირავების ობიექტებზე და იურიდიულ პირებზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანია წერილობით დაადასტურებს მის გავრცელებას.
3.4. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ იმ შეკვეთებზე, რომლებიც მიწოდებულია საქართველოს ტერიტორიაზე.
3.5. 100 ღამის საცდელი პერიოდი მოქმედებს მხოლოდ ერთხელ და ვრცელდება კონკრეტულ მომხმარებელზე, შეკვეთაზე, მიწოდების მისამართსა და შეძენილ მატრასზე. პროგრამით სარგებლობა არ განახლდება და არ ვრცელდება შეცვლილ, გაცვლილ, ჩანაცვლებულ ან შემდგომ შეძენილ პროდუქტზე. მომხმარებელი, შეკვეთა ან მიწოდების მისამართი, რომელმაც ერთხელ უკვე ისარგებლა პროგრამით, ვერ მიიღებს განმეორებით საცდელ პერიოდს, თუ კომპანია წერილობით სხვაგვარად არ დაადასტურებს.
ᲛᲣᲮᲚᲘ 4. 100 ᲦᲐᲛᲘᲡ ᲡᲐᲪᲓᲔᲚᲘ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘᲡ ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲕᲐᲓᲘᲡ ᲓᲐᲗᲕᲚᲐ
4.1. 100 ღამის საცდელი პერიოდი იწყება იმ დღიდან, როდესაც პროდუქტი გადაეცემა მომხმარებელს ან მის მიერ მითითებულ პირს.
4.2. მიწოდების დღე ითვლება პირველ დღედ/ღამედ, თუ მხარეთა შორის წერილობით სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.
4.3. საცდელი პერიოდი მოიცავს უწყვეტ 100 კალენდარულ ღამეს და არ ჩერდება მომხმარებლის მიერ პროდუქტის დროებითი გამოუყენებლობის, მოგზაურობის, საცხოვრებელი ადგილის დროებითი ცვლილების ან სხვა პირადი მიზეზების გამო.
4.4. პროდუქტის გაცვლის შემთხვევაში 100 ღამის საცდელი პერიოდი არ განახლდება, არ იწყება თავიდან და ძალაში რჩება მხოლოდ საწყისი მიწოდების დღიდან დათვლილი ვადის ფარგლებში.
4.5. დაბრუნების ან გაცვლის მოთხოვნა მომხმარებელმა წერილობით ან კომპანიის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხის მეშვეობით უნდა წარადგინოს 100 ღამის ვადის ამოწურვამდე; აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი მოთხოვნა არ მიიღება და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ᲛᲣᲮᲚᲘ 5. ᲛᲘᲜᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲪᲓᲔᲚᲘ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘ (ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ 30 ᲦᲐᲛᲔ)
5.1. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ახალ მატრასთან შეგუებას სჭირდება დრო; შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების ან გაცვლის მოთხოვნა არ მიიღება მიწოდებიდან პირველი 30 (ოცდაათი) კალენდარული ღამის გასვლამდე, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.
5.2. აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს სავალდებულო საცდელ ვადას, რომლის განმავლობაში მომხმარებელმა პროდუქტი უნდა გამოიყენოს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში და მისი დანიშნულების შესაბამისად.
5.3. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომპანიას კონსულტაციის, გამოყენების რეკომენდაციებისა და პროდუქტის ადაპტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად.
5.4. 30 (ოცდაათი) კალენდარული ღამის გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს დაბრუნების ან გაცვლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მომხმარებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული ყველა სხვა პირობა და მოთხოვნა.
ᲛᲣᲮᲚᲘ 6. ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲡᲐᲪᲓᲔᲚᲘ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ
6.1. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტი გამოიყენოს მისი დანიშნულების შესაბამისად, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში, კომპანიის ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების დაცვით.
6.2. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტის სისუფთავე, ჰიგიენური მდგომარეობა და გონივრული მოვლა, მათ შორის, გამოიყენოს დამცავი გადასაფარებელი.
6.3. დაუშვებელია პროდუქტის ისეთი გამოყენება ან მოვლა, რომელიც იწვევს მის მნიშვნელოვან დაზიანებას, დაბინძურებას ან მდგომარეობის გაუარესებას, მათ შორის: დასველება, ლაქები, ობი, უსიამოვნო სუნი, დაწვა, გაჭრა, გახევა, დეფორმაცია ან სხვა მსგავსი დაზიანება.
6.4. მატრასზე ხტუნვა, გადაჭარბებული ან არათანაბარი დატვირთვა, ასევე ნებისმიერი სხვა არადანიშნულებისამებრ გამოყენება აკრძალულია. მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს პროდუქტი მხოლოდ მისი დანიშნულების შესაბამისად და გონივრული სიფრთხილით. თუ კომპანიის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ პროდუქტის დაზიანება, დეფორმაცია, მდგომარეობის გაუარესება ან სხვა უარყოფითი შედეგი გამოწვეულია მატრასზე ხტუნვით, გადაჭარბებული დატვირთვით ან სხვა არადანიშნულებისამებრ გამოყენებით, კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას დაბრუნების, გაცვლის ან თანხის დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
6.5. მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს მატრასი სათანადო საყრდენ ზედაპირზე. არასათანადო საყრდენის, დაზიანებული საწოლის კონსტრუქციის, არასაკმარისი მხარდაჭერის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად წარმოქმნილი დაზიანება, დეფორმაცია, ჩაზნექა ან სხვა მსგავსი შედეგი არ ჩაითვლება პროდუქტის ნაკლად და შესაძლოა გახდეს დაბრუნების, გაცვლის ან თანხის დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. კომპანია უფლებამოსილია მოთხოვნის განხილვისას მოითხოვოს ინფორმაცია, ფოტო- ან ვიდეომასალა გამოყენებული საყრდენი ზედაპირისა და პროდუქტის გამოყენების პირობების შესახებ.
6.6. მომხმარებელი ვალდებულია, კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მოთხოვნის განხილვისთვის საჭირო ინფორმაცია და მასალები, მათ შორის შეკვეთის დეტალები, პროდუქტის მდგომარეობის ამსახველი ფოტო- ან ვიდეომასალა.
6.7. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტის ხელმისაწვდომობა კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებულ დროს შემოწმების, ექსპერტიზის ან/და გატანის მიზნით.
6.8. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას დაბრუნების ან გაცვლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოქმედი კანონმდებლობით დასაშვები ფარგლების ფარგლებში.
ᲛᲣᲮᲚᲘ 7. ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲘᲡ ᲬᲐᲠᲓᲒᲔᲜᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
7.1. მომხმარებელს უფლება აქვს პროდუქტის დაბრუნების ან გაცვლის მოთხოვნით მიმართოს კომპანიას პროდუქტის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული ღამის გასვლის შემდეგ და არაუგვიანეს 100 (ასი) ღამის საცდელი პერიოდის დასრულებისა.
7.2. მოთხოვნა უნდა წარდგენილ იქნას კომპანიის მიერ განსაზღვრული ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის, ვებგვერდზე არსებული საკონტაქტო ფორმის ან კომპანიის ოფიციალური სოციალური ქსელების საშუალებით.
7.3. მოთხოვნაში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:
7.3.1. სახელი და გვარი;
7.3.2. შეკვეთის ნომერი ან შეძენის დამადასტურებელი ინფორმაცია;
7.3.3. მიწოდების მისამართი;
7.3.4. საკონტაქტო ინფორმაცია;
7.3.5. დაბრუნების ან გაცვლის მოთხოვნის მიზეზის მოკლე აღწერა.
7.4. კომპანია უფლებამოსილია, მოთხოვნის განხილვისთვის საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს პროდუქტის მდგომარეობის ამსახველი ფოტო- ან ვიდეომასალა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია ან განმარტება.
7.5. მოთხოვნის მიღება, რეგისტრაცია ან განხილვის დაწყება ავტომატურად არ ნიშნავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კომპანია მოთხოვნას განიხილავს წინამდებარე პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.6. 100 (ასი) ღამის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი მოთხოვნა არ მიიღება და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, გარდა მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული სავალდებულო შემთხვევებისა.
ᲛᲣᲮᲚᲘ 8. ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲘᲚᲕᲐ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲛᲝᲬᲛᲔᲑᲐ
8.1. დაბრუნების ან გაცვლის მოთხოვნის მიღების შემდეგ, კომპანია გონივრულ ვადაში განიხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და დაუკავშირდება მომხმარებელს შემდგომი პროცედურის შეთანხმების მიზნით.
8.2. კომპანია უფლებამოსილია, მოთხოვნის შეფასების მიზნით, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის ფოტო-, ვიდეომასალა ან სხვა მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია პროდუქტის მდგომარეობისა და გამოყენების პირობების დასადგენად.
8.3. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს პროდუქტის ადგილზე დათვალიერება, ექსპერტიზა ან უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება შემოწმების მიზნით.
8.4. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტის ხელმისაწვდომობა კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ადგილზე შემოწმების, ექსპერტიზის ან/და გატანის მიზნით.
8.5. მოთხოვნის განხილვისას კომპანია აფასებს, მათ შორის, შემდეგ გარემოებებს:
8.5.1. დაცულია თუ არა 30 (ოცდაათი) და 100 (ასი) ღამის ვადები;
8.5.2. გამოყენებულია თუ არა პროდუქტი ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დანიშნულებით;
8.5.3. დაცულია თუ არა პროდუქტის ჰიგიენური და ტექნიკური მდგომარეობა;
8.5.4. არსებობს თუ არა დაზიანების, არასათანადო გამოყენების ან არასათანადო მოვლის ნიშნები;
8.5.5. სრულყოფილად და სათანადოდ არის თუ არა წარმოდგენილი მოთხოვნის განხილვისთვის საჭირო ინფორმაცია და მასალები.
8.6. მოთხოვნის მიღება, რეგისტრაცია, პროდუქტის დათვალიერება ან გატანა ავტომატურად არ ნიშნავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება შემოწმებისა და შეფასების დასრულების შემდეგ.
8.7. კომპანია მომხმარებელს გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს გონივრულ ვადაში, მომხმარებლის მიერ მითითებული საკონტაქტო საშუალების მეშვეობით.
ᲛᲣᲮᲚᲘ 9. ᲗᲐᲜᲮᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲪᲕᲚᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
9.1. მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროდუქტის დაბრუნება ან გაცვლა განხორციელდება მომხმარებლის მიერ პროდუქტის კომპანიისთვის დაბრუნების გზით ან კომპანიის მიერ ორგანიზებული გატანის მომსახურების მეშვეობით. კომპანიის მიერ ორგანიზებული გატანის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება პროდუქტის ადგილმდებარეობის, ლოგისტიკური პირობებისა და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით და მომხმარებელს ეცნობება წინასწარ.
9.2. თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე საბანკო ანგარიშზე ან გადახდის საშუალებით, რომლითაც განხორციელდა თავდაპირველი გადახდა, გარდა ტექნიკურად აუცილებელი ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.3. თანხის დაბრუნება განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთდროულად შესრულდება შემდეგი პირობები:
9.3.1. მოთხოვნა დამტკიცებულია კომპანიის მიერ;
9.3.2. პროდუქტი დაბრუნებულია კომპანიასთან;
9.3.3. დასრულებულია პროდუქტის შემოწმება და დადასტურებულია წინამდებარე პოლიტიკის პირობებთან შესაბამისობა.
9.4. თანხის დაბრუნება განხორციელდება მოთხოვნის დამტკიცებიდან გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, თუ შეფერხება არ არის გამოწვეული კომპანიისგან დამოუკიდებელი გარემოებებით, საბანკო პროცესებით ან სხვა ტექნიკური მიზეზებით.
9.5. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შესთავაზოს თანხის დაბრუნების ნაცვლად პროდუქტის გაცვლა იმავე, მსგავსი ან უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტზე.
9.6. თუ მომხმარებელი აირჩევს უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტს, იგი ვალდებულია სრულად დაფაროს შესაბამისი ფასთა სხვაობა.
9.7. კომპანია უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობით დასაშვები ფარგლების ფარგლებში, დასაბრუნებელი თანხიდან გამოაკლოს დოკუმენტურად დადასტურებული ზიანი, გაწმენდის, ტრანსპორტირების, პროდუქტის გატანის, სართულებზე ატანის ან ჩამოტანის, დამატებითი ლოგისტიკური მომსახურების, აღდგენის ან სხვა აუცილებელი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ პროდუქტის არასათანადო გამოყენებით, მოვლით ან წინამდებარე პოლიტიკის პირობების დარღვევით.
ᲛᲣᲮᲚᲘ 10. ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲖᲔᲪ 100 ᲦᲐᲛᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ ᲐᲠ ᲕᲠᲪᲔᲚᲓᲔᲑᲐ
10.1. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას დაბრუნების, თანხის დაბრუნების ან გაცვლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ არ არის შესრულებული წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული პირობები.
10.2. 100 ღამის პოლიტიკა არ ვრცელდება, მათ შორის, შემდეგ შემთხვევებზე:
10.2.1. მოთხოვნა წარმოდგენილია დადგენილი ვადების დარღვევით;
10.2.2. პროდუქტი დაზიანებულია, მნიშვნელოვნად გაუარესებულია, დაბინძურებულია ან არ შეესაბამება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ ჰიგიენურ მოთხოვნებს, მათ შორის აქვს ლაქები, უსიამოვნო სუნი, ობი, პარაზიტები ან სხვა მსგავსი ნიშნები;
10.2.3. პროდუქტი გამოყენებულია არადანიშნულებისამებრ ან გამოყენების, მოვლისა და ექსპლუატაციის პირობების დარღვევით;
10.2.4. დაზიანება გამოწვეულია გარე ფაქტორებით, მათ შორის არასათანადო საყრდენით, საწოლის კონსტრუქციით, ტრანსპორტირებით, გარემო პირობებით, წყლის, ტენიანობის ან სხვა სითხის ზემოქმედებით, შინაური ცხოველების, მწერების ან სხვა გარე ზემოქმედების შედეგად;
10.2.5. პროდუქტზე განხორციელებულია თვითნებური შეკეთება, გადაკეთება, კონსტრუქციის ცვლილება ან სხვა ჩარევა კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე;
10.2.6. მომხმარებელი არ თანამშრომლობს კომპანიასთან მოთხოვნის განხილვის, შემოწმების ან პროდუქტის გატანის პროცესში;
10.2.7. პროდუქტი შეძენილია კომერციული, პროფესიული, სასტუმროს, გასაქირავებელი ან სხვა არასაყოფაცხოვრებო გამოყენების მიზნით;
10.2.8. არსებობს თაღლითობის, პოლიტიკის ბოროტად გამოყენების, პროგრამით არაკეთილსინდისიერი სარგებლობის ან სხვა მსგავსი ქმედების საფუძვლიანი ეჭვი, მათ შორის როდესაც გარემოებების შეფასების შედეგად არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მომხმარებელი, მასთან დაკავშირებული პირი, მიწოდების მისამართი ან სხვა იდენტიფიცირებადი გარემოება გამოიყენება წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.
10.3. ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს, რომლებიც მას ენიჭება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ᲛᲣᲮᲚᲘ 11. ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲠᲔᲑᲐ, ᲒᲐᲢᲐᲜᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲮᲐᲠᲯᲔᲑᲘ
11.1. მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროდუქტის დაბრუნება, გატანა ან გაცვლა განხორციელდება მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული პირობებით. მომხმარებელს შეუძლია პროდუქტის კომპანიისთვის დაბრუნება საკუთარი ძალებით ან ისარგებლოს კომპანიის მიერ ორგანიზებული გატანის მომსახურებით. აღნიშნული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება პროდუქტის ადგილმდებარეობის, ლოგისტიკური პირობებისა და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით და მომხმარებელს ეცნობება წინასწარ.
11.2. კომპანია უფლებამოსილია განსაზღვროს ტრანსპორტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული პირობები, მათ შორის ლოგისტიკური პარტნიორი, გატანის თარიღი და დროის ინტერვალი, მომხმარებელთან გონივრული შეთანხმების საფუძველზე.
11.3. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტის მზადყოფნა შეთანხმებულ დროს, მათ შორის მისი ხელმისაწვდომობა, შეფუთვის შესაბამისი მდგომარეობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და გატანისთვის შეუფერხებელი წვდომა.
11.4. თუ გატანა ან ტრანსპორტირება დაკავშირებულია დამატებით ტექნიკურ ან ლოგისტიკურ სირთულეებთან, მათ შორის ლიფტის არარსებობასთან, შეზღუდულ მისასვლელ გზასთან, სართულზე ხელით ატანის საჭიროებასთან ან დამატებითი რესურსის გამოყენებასთან, კომპანია უფლებამოსილია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს შესაბამისი დამატებითი ხარჯის შესახებ.
11.5. თუ პროდუქტის გატანა, დაბრუნება ან გაცვლა დაკავშირებულია დამატებით ლოგისტიკურ მომსახურებასთან, მათ შორის პროდუქტის სართულებზე ატანასთან ან ჩამოტანასთან, ლიფტის არარსებობასთან, შეზღუდულ მისასვლელ პირობებთან ან სხვა მსგავს გარემოებებთან, კომპანია უფლებამოსილია დააკისროს შესაბამისი დამატებითი ხარჯი, რომლის ოდენობა მომხმარებელს ეცნობება შესაბამისი მომსახურების განხორციელებამდე.
11.6. თუ შეთანხმებულ დროს გატანა ვერ განხორციელდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის მომხმარებლის გამოუცხადებლობის, მიუწვდომლობის ან პროდუქტის მოუმზადებლობის გამო, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს განმეორებითი ვიზიტის ან დამატებითი ლოგისტიკური ხარჯი.
11.7. თუ მომსახურება ხორციელდება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ტრანსპორტირება დაკავშირებულია გაზრდილ ხარჯებთან, რთულ ლოგისტიკასთან ან დამატებითი რესურსის საჭიროებასთან, კომპანია უფლებამოსილია წინასწარ განსაზღვროს შესაბამისი დამატებითი საფასური.
11.8. კომპანია არ აგებს პასუხს ტრანსპორტირების ან გატანის შეფერხებაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია კომპანიისგან დამოუკიდებელი გარემოებებით, მათ შორის ამინდის პირობებით, საგზაო შეფერხებით, მესამე პირის მოქმედებით, ფორსმაჟორული გარემოებით ან სხვა ობიექტური მიზეზით.
11.9. თუ მომხმარებელი არ თანამშრომლობს პროდუქტის გატანის, დაბრუნების ან შემოწმების პროცესში, კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს შესაბამისი პროცედურები მანამდე, სანამ აღნიშნული დაბრკოლება არ აღმოიფხვრება.
ᲛᲣᲮᲚᲘ 12. ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ
12.1. კომპანია პასუხს აგებს მხოლოდ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე პოლიტიკითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
12.2. კომპანია არ აგებს პასუხს არაპირდაპირ, თანმდევ, სპეციალურ ან შემთხვევით ზიანზე, მათ შორის დაკარგულ შემოსავალზე, დროის დანაკარგზე, დისკომფორტზე, ბიზნესის შეფერხებაზე ან შემცვლელი ნივთის შეძენის ხარჯებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი პასუხისმგებლობა პირდაპირ და სავალდებულოდ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით.
12.3. მატრასის კომფორტი, სიმყარე და შეგრძნება დამოკიდებულია ინდივიდუალურ აღქმასა და მომხმარებლის პირად პრეფერენციებზე. თუ პროდუქტი არ შეესაბამება მომხმარებლის მოლოდინებს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 100 ღამის პროგრამით წინამდებარე პოლიტიკის პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად.
12.4. კომპანია არ აგებს პასუხს პროდუქტის დაზიანებაზე, დეფორმაციაზე ან მდგომარეობის გაუარესებაზე, თუ იგი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასათანადო გამოყენებით, მოვლის ინსტრუქციის დარღვევით, არასათანადო საყრდენის გამოყენებით, ტრანსპორტირებით ან სხვა გარე ზემოქმედებით.
12.5. კომპანიის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის სავალდებულოდ განსაზღვრული, არ აღემატება მომხმარებლის მიერ შესაბამის პროდუქტზე ფაქტობრივად გადახდილ თანხას.
12.6. კომპანია არ აგებს პასუხს ვალდებულების შეუსრულებლობაზე, არაჯეროვან შესრულებაზე ან დაგვიანებაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია კომპანიისგან დამოუკიდებელი გარემოებებით, მათ შორის ფორსმაჟორით, ლოგისტიკური შეფერხებით, მესამე პირის მოქმედებით, სატრანსპორტო შეზღუდვით ან სხვა ობიექტური მიზეზით.
12.7. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს და არ გამორიცხავს იმ პასუხისმგებლობას, რომლის შეზღუდვა ან გამორიცხვა დაუშვებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ᲛᲣᲮᲚᲘ 13. ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲘᲗᲘ ᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ
13.1. წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს 100 ღამის საცდელი პროგრამის პირობებს და წარმოადგენს კომპანიის სტანდარტულ წესსა და პროცედურას აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით.
13.2. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს, განაახლოს ან შეავსოს წინამდებარე პოლიტიკა. ასეთი ცვლილებები არ ვრცელდება იმ შეკვეთებზე, რომლებიც განხორციელებულია შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის სავალდებულოდ განსაზღვრული.
13.3. კონკრეტულ შეკვეთაზე ვრცელდება პოლიტიკის ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა პროდუქტის შეძენის მომენტში.
13.4. თუ წინამდებარე პოლიტიკის რომელიმე დებულება აღმოჩნდება ბათილი, უკანონო ან აღუსრულებელი, ეს არ გამოიწვევს დანარჩენი დებულებების ბათილობას ან ძალადაკარგულად ცნობას და ისინი ძალაში დარჩება კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური მოცულობით.
13.5. კომპანიის მიერ რომელიმე უფლების გამოუყენებლობა, ნაწილობრივ გამოყენება ან დაგვიანებით გამოყენება არ ჩაითვლება ამ უფლებაზე უარის თქმად.
13.6. წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13.7. წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ კომპანიის ადგილსამყოფელის მიხედვით, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა იმპერატიული წესი არ არის დადგენილი.